მას შემდეგ რაც ივანიშვილის გამოსვლას, მათ შორის ომში დაღუპულთა ოჯახების პროტესტი მოჰყვა, პრემიერი განმარტავს, ვის და რატომ უხდიან ბოდიშს
17/09/2024 10:23:18 პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გორში სიტყვით გამოსვლას, მათ შორის ომში დაღუპულთა ოჯახების პროტესტი მოჰყვა, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, ვის და რატომ უხდიან ბოდიშს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, ოსების წინაშე მობოდიშების მზადყოფნის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "არაჯანსაღი აჟიოტაჟი" მოჰყვა.
უფრო მეტიც, ისინი, ვინც ივანიშვილი ამ განცხადების გამო გააკრიტიკა, პრემიერმა ომის სურვილში დაადანაშაულა:
- „მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი - ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია, მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან განმარტა, ვის და რატომ უხდიან ბოდიშს.
- „მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება. არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


