კობახიძე- სანქციებზე: ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა
17/09/2024 10:23:13 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „არასერიოზული", "სამწუხარო მოვლენა" და „კონტრპროდუქტიული ნაბიჯი“ უწოდა აშშ-ის მიერ სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადებას.
ამასთან, მან სანქციების მიზნად არჩევნებზე გავლენის მოხდენა დაასახელა.
„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და იცით ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასარჩევნო პერიოდში. ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანისთვის“,- თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ ბრალს სდებს ოლიგარქიულ გავლენებს:
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში".
აშშ–მა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს.


