მამუკა ხაზარაძე: მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს
17/09/2024 07:19:00 პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას გაუგზავნა "პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით" და როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, "სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება".
მისი შეფასებით, "უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ისინი პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდნენ მანამ, ვიდრე არ ექნებოდათ კონკრეტული ხედვა ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ".
"მე, ჩვენ კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპული მომავლისკენ. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას. გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ, გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ. მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო", – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კოალიციისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები 17 სექტემბერს 15:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივიდოდნენ.


