მილერი: საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები ათწლეულის მანძილზე არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება
16/09/2024 18:27:48 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები ათწლეულის მანძილზე არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
"აშშ კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც შეუთავსებელია ევროკავშირსა და NATO–ში გაწევრიანების წესებთან. ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ ძალადობრივად არბევდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს აშშ–მა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირს და ძალადობრივი ჯგუფის ორ ლიდერს, ასევე ამერიკა იღებს სავიზო შეზღუდვებს 60–ზე მეტი ქართველი პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, რომელიც ათწლეულის მანძილზე აშშ– საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება", – ამ განცხადებით გახსნა მან დეპარტამენტში დღეს გამართული პრეს–კონფერენცია.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია, "დაუბრუნდეს ევროატლანიკურ გზას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონის უკან გაწვევით" და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი პროგსესის მიღწევით.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს დიდი მხარდამჭერია:
"ჩვენი დახმარების მიზანია, გახდეს საქართველო უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული და ისეთი ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტად შეეძლება, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა".


