
აშშ გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ემუქრება
30/05/2019 09:59:14 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს სანქციებით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ INSTEX-ის (Instrument in Support of Trade Exchanges) მექანიზმი ამოქმედდება, – იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, INSTEX-ის მექანიზმი გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ირანთან ვაჭრობის საშუალებას აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით აძლევს.
გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანთან ვაჭრობის სპეციალური მექანიზმი 2019 წლის იანვარში შექმნეს, თუმცა იგი დღემდე არ ამოქმედებულა.
ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე.