
იოსებ ბაბაევი: "პოლიციის მაღალჩინოსნებმა მითხრეს, რომ ერთი დღით საერთოდ წავსულიყავი ქალაქიდან, დამეკეტა რესტორანი"
16/09/2024 09:42:00 სამართალი
ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი, რომელიც გორში 14 სექტემბერს დააკავეს, თავისუფალია. მან იზოლატორი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
"წინა დღეს მოვიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და მითხრეს, რომ ერთი დღით საერთოდ წავსულიყავი ქალაქიდან, დამეკეტა რესტორანი და ერთი დღე არ მემუშავა, მაგაზე დავიწყე სიცილი და ვუთხარი უარი. შემდეგ მოვიდა სხვა პოლიციელი და მითხრეს, რომ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ სპეცსამსახურები და განლაგდებოდნენ სნაიპერები. მე მაგაზეც უარი ვუთხარი. მე ტურისტებს ვემსახურები, წინასწარი ჯავშნები მქონდა და ვუთხარი უარი. მეორე დილით რომ მოვდიოდი სამსახურში, მანქანით არ შემიშვეს. შემდეგ ფეხით წავედი, იქ უკვე თელია იყო მობილიზებული ბანდასთან, ვითომ სამართალდამცავები რომ არიან და უბრალოდ დამაკავეს. ვერც გავიგე რატომ," - აცხადებს, "მთავარი არხის" ცნობით, იოსებ ბაბაევი.
ბაბაევს სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
სოსო ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბაბაევი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეკრებით და ადგილზე ჩატანითაც იყო დაკავებული. ბაბაევი აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებში როგორც თბილისში, ისე - გორში.