Accentnews.ge
პაპუაშვილი ამბობს, რომ როთთან შეხვედრის სურვილი არ აქვთ

პაპუაშვილი ამბობს, რომ როთთან შეხვედრის სურვილი არ აქვთ

16/09/2024 08:05:42 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთთან შეხვედრის სურვილი არ აქვს. გერმანელი პოლიტიკოსი საქართველოში იმყოფება. შემდეგ ის სომხეთში გამართავს შეხვედრებს.

„როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის. მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად დადგა. ამიტომ, ის ჯერ იმაში უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან“, - თქვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უცხო ქვეყნის წარმომადგენლის შიდა პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევას.

„თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიცია იწონებს ამ პოზიციებს, მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მასთან შესახვედრად რიგი დადგება. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიონ: უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ საკუთარ ჭკუაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო და ისე მოქცეულიყო, როგორც ბატონი როთი იქცევა, ეს იმ ქვეყანაში დიდი სკანდალი იქნებოდა.

„საერთო ჯამში პრობლემა ეს არის, რომ ზოგს ევროპელობა პატარა ქვეყნების ზემოდან ყურება ჰგონია. რა ვქნათ, რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენ ხელშია - ამაზე საჯაროდ საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიზამთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S