მოსკოვი და "ოცნება" კვლავ უნისონში საუბრობენ
16/09/2024 07:22:17 პოლიტიკა
მოსკოვისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული ნარატივები კვლავინდებურად ემთხვევა. ამჯერად რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის ნარატივი წინა ხელისუფლების დასავლეთიდან მართულობის თაობაზე და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი" უწოდა.
"ეს ერთგვარი ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორია. მსგავსი ადამიანების დასავლეთის მიერ ჩანერგვის მაგალითები მრავლად ვიცით. მოდით, უბრალოდ ჩამოვთვალოთ გვარები: მოლდოვაში - მაია სანდუ, უკრაინაში - ზელენსკი, საქართველოში - სააკაშვილი. ასეთები დეტონირებენ იმ მომენტი, როცა დასავლეთი ღილაკს აჭერს და პირველ რიგში, იმ ქვეყნების ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს ანადგურებენ, სადაც ისინი ჩანერგეს" - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე ანალოგიური ნარატივი გააჟღერა მოლდოვის მოქმედი ხელისუფლების ოპონენტმა - პრორუსმა ოლიგარქმა ილან შორმა, 14 სექტემბერს კი - ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას, რომელშიც "გარედან მართული" საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, ასევე "დანაშაულის აღიარებისა" და "ოსებისთვის ბოდიშის მოხდის" გეგმა გააჟღერა.


