Accentnews.ge
პენელი: USAID-ს მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებული იქნება, ხოლო ქვეყანას უფრო ძლიერი ეკონომიკა ექნება

პენელი: USAID-ს მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებული იქნება, ხოლო ქვეყანას უფრო ძლიერი ეკონომიკა ექნება

13/09/2024 06:20:58 პოლიტიკა, ეკონომიკა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი საქართველოში ჯონ პენელი აცხადებს, რომ "USAID-ის მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებული იქნება, ხოლო ქვეყანას ექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა". ამის შესახებ მან კახეთში ვიზიტისას განაცხადა.

“სიამოვნებით შევუერთდი ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან და მათთან ერთად მოვინახულე კახეთის რეგიონში ადგილობრივი პარტნიორები - მეწარმეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ლიდერები და მოქალაქეები. პირადად ვიხილე თუ როგორ უწყობს ხელს USAID-ისა და ევროკავშირის პროგრამები ამ ადამიანებს დადებითი ცვლილებები შეიტანონ თავიანთ თემში. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოსთან და მის მოსახლეობასთან 1992 წლიდან თანამშრომლობს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას ხელს უწყობს, გახდეს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და წარმატებული. USAID-ის მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებული იქნება, ხოლო ქვეყანას ექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას შეუქმნის თითოეულ ადამიანს, ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებას”, – განაცხადა მან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები კახეთის რეგიონს ეწვივნენ თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად.

"ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში ჯონ პენელმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და USAID-ის პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და USAID-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის პროექტები, რომლებიც განათლებას, სოციალურ და სამოქალაქო საკითხებს, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან. რეგიონში ვიზიტით ხაზი გაესვა ადგილზე მოქმედი ორგანიზაციებისა და პირების საქმიანობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ სამუშაო გარემოში სხვადასხვა სახის შევიწროებას განიცდიან. აღნიშნულმა შეხვედრებმა გამოკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის ინიციატივების წარმატებული შედეგები, ასევე შექმნა პროგრამის მონაწილეებთან გაცნობისა და პროგრამების გრძელვადიანი შედეგების შესახებ მათი აზრის მოსმენის შესაძლებლობა.

საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მთავარი მიზანია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონების ხელშეწყობის მნიშვნელობას. სოციალური ჩართულობის გაძლიერებაზე, განათლებაზე, ინოვაციებისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტები ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოს პარტნიორები რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერების კუთხით ძალისხმევას არ იშურებენ.

კახეთში ვიზიტი შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ივლისში განხორციელებული შეხვედრების გაგრძელებას წარმოადგენს. ერთობლივი ვიზიტებისას მკაფიოდ გამოიკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობას. განხორციელებული ინიციატივები მკაფიო მაგალითია, იმისა თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ და გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დადებითად შეცვლა, ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობით", – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S