
ბრიტანეთის პრემიერი პუტინს პასუხობს: რუსეთთან კონფლიქტის განზრახვა არ გვაქვს
13/09/2024 05:55:20 მსოფლიო
ბრიტანეთს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, უკრაინას კი თავის დაცვაში ეხმარება, - ასე ეხმიანება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებას.
"კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო და მისი დაუყოვნებლივ დასრულებაც რუსეთს შეუძლია. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელსაც მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ მივისწრაფვით რუსეთთან კონფლიქტისკენ და ეს განზრახვა არ გვაქვს", – განაცხადა სტარმერმა.
როგორც BBC იუწყება, სტარმერმა თავი შეიკავა უკრაინისთვის გადაცემული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების პერსპექტივაზე საუბრისგან, თუმცა არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილება.
ცნობისთვის: 12 სექტემბერს პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "უკრაინას დასავლეთის დახმარების გარეშე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმები არ შეუძლია და თუ NATO-ს წევრი ქვეყნები კიევს მათგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას მისცემენ, ეს იქნება რუსეთთან ომში NATO-ს წევრი აშშ-ის და ევროპული ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა, რასაც შესაბამისი გადაწყვეტილებებით უპასუხებენ".