კარდინი - "აგენტების კანონზე": კონგრესს აქვს პასუხისმგებლობა, გაბედული ნაბიჯები გადადგას
12/09/2024 16:35:37 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ["დემოკრატიული პარტია"] აცხადებს, რომ კონგრესს აქვს პასუხისმგებლობა, გაბედული ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს "აგენტების კანონის" გამოყენებას. ამის შესახებ მან სენატში გამართულ მოსმენზე ისაუბრა.
"ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ “უცხოური გავლენის რეგისტრაციის” კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის. გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვებოდნენ. ეს [კანონი] სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.[...] კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან”, - განაცხადა კარდინმა.


