
ხვალ თბილისში აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა აფგან სადიქოვს" დაანონსდა
09/09/2024 16:56:49 საზოგადოება
ხვალ 12:00 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა აფგან სადიქოვს" დაანონსდა.
აქციის ორგანიზატორი "სოციალური სამართლიანობის ცენტრია".
"ართული დემოკრატია კვლავ საფრთხეშია. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას და ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობას და აზერბაიჯანში გეგმავს კრიტიკული ჟურნალისტის, აფგან სადიქოვის ექსტრადიციას.
აფგან სადიქოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის სიმართლისთვის. ის აქტიურად წერს აზერბაიჯანში გამეფებულ კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე, ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. სწორედ ამ გამბედავი საქმიანობის გამო, იგი ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივებით. პატიმრობისას მან 242 დღე იშიმშილა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.
2023 წლის დეკემბერში სადიქოვი საქართველოში ჩამოვიდა მკურნალობის მიზნით, იმედით, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებოდა. თუმცა, 2024 წლის 3 აგვისტოს იგი დააკავეს ექსტრადიციის მიზნით. აზერბაიჯანი მას მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით ეძებს, რაც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა.
თბილისში რჩება აფგან სადიქოვის მეუღლე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახი ასევე მუდმივი თვალთვალისა და შევიწროების ქვეშაა. აღნიშნული აქციის ორგანიზებას ოჯახის თხოვნით და თანამონაწილეობით ვგეგმავთ.
აფგან სადიქოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში დაუშვებელია! ამ ქვეყანაში სისტემურად ირღვევა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ჟურნალისტები განსაკუთრებული დევნისა და შევიწროების ქვეშ არიან. არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადიქოვი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას. ცნობილია, რომ აზერბაიჯანში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი. სასამართლო სისტემა კი მტკიცებულებების გარეშე განიხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს.
აფგან სადიქოვის საქმე გარკვეულწილად ჰგავს აფგან მუხთარლის საქმეს, რომელზეც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დარღვევის ფაქტი რამდენიმე დღის წინ ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა. თუმცა, თუ წინა შემთხვევაში აზერბაიჯანის მიმართ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობა ავტორიტარულ რეჟიმთან უკანონო თანამშრომლობაში გამოიხატა, როგორც ჩანს, დღეს ამას ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აკეთებს, უფლებრივი პრინციპების დემონსტრაციული იგნორირებით.
შემოგვიერთდით აქციაზე.
ერთად დავიცვათ კრიტიკული ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება!დემოკრატია!
კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიული სივრცის იდეა!", - წერენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლის განმარტებით, აზერბაიჯანში აღძრული საქმის მიხედვით, ჟურნალისტს ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით. დაკავებული ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
აფგან სადიქოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, მას აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით. "იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ აწყდებოდა ხელისუფლების მხრიდან მუქარას და დევნის გამო სამშობლო დატოვა", – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.
სადიქოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.