"უნდათ, დაამყარონ დიქტატურა" - სენატორმა შაჰინმა National journal-თან ისაუბრა საკუთარ შთაბეჭდილებებზე საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ
06/09/2024 07:17:10 პოლიტიკა
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა National journal-თან ისაუბრა საკუთარ შთაბეჭდილებებზე საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.
სენატორმა გაიმეორა, რომ "აგენტების კანონის" შესახებ აშშ შეშფოთებას გამოთქვამს მას შემდეგ, რაც ის "ოცნების" ხელისუფლებამ თავდაპირველად, ერთი წლის წინ, დააინიცირა: "ის ასახავს მსგავს კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთში, რამაც გამოიწვია ქვეყნიდან ამდენი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის გამოსვლა. ჩვენ იგივეს ვხედავთ საქართველოშიც". მაინ გაიხსენა ევროკავშირის ლიდერების პოზიციას კანონის ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც, მისი თქმით, ორგანიზაციამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "წითელი დროშები აღმართა".
მან აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-საქართველოს გაუარესებულ ურთიერთობებზე, ხოლო პრემიერმა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა.
"ერთი რამ, რაც პრემიერმინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან გაუარესებულ ურთიერთობასა და ჩვენს შეშფოთებაზე - "ქართული ოცნების" მთავრობას არ სურს გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. მათი, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა, "ეს არის დემოკრატია!". ეს არის არა წინააღმდეგობის გათიშვა, არამედ, ეს არის იმის აღიარება, რომ რასაც აკეთებ, შესაძლოა, მას კრიტიკა მოჰყვეს. სწორედ ეს არის დემოკრატიის ნაწილი.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ, დაამყარონ დიქტატურა და არა დემოკრატია. ეს არ შეესაბამება იმას, რაც ქვეყანაში ხალხს სურს",- თქვა შაჰინმა.
ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზეც საუბრობს: "ვაპირებთ თუ არა ამ დაფინანსების აღდგენას, დამოკიდებულია შეფასებაზე, რომელზეც ახლა მიმდინარეობს შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი პოლიტიკის შესახებ. ჩვენ შეხვედრაზე ვთქვით, რომ ძნელია, გავამართლოთ სამხედროების შემყვანა და წვრთნების ჩატარება მთავრობასთან, რომელიც აცხადებს, რომ აშშ ცდილობს მთავრობის დამხობას".
ის ასევე საუბრობს მის მიერ სენატში წარდგენილ "ქართველი ხალხის აქტთან" დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ პროექტით გათვალისწინებული "ძირითადი დებულებები, სანქციების ჩათვლით, წინ წავა".
"ჩვენ ველოდებით სახაზინო კომიტეტის ხელმოწერას სანქციების დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს", - აცხადებს შაჰინი.
მან თქვა, რომ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული: "სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება. ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს [საქართველო] დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი".


