მუხთარლი: ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა
05/09/2024 11:32:03 პოლიტიკა
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლინ, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანს დავა სტრასბურგში მოუგო ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მისი გამოძიების მოლოდინი არ აქვს.
ის თვლის, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მისი გატაცების თანამონაწილეა.
"მე არ მჯერა, რომ ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, ეს საქმე იქნება გამოძიებული, რადგან ივანიშვილი ჩემი გატაცების თანამონაწილეა. ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკა სუს-ის იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა ციხეშია - რომ ბრძანება ივანიშვილისგან მოდიოდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში დემოკრატიული მთავრობა მოვა, ის აუცილებლად გამოიძიებს ამ საქმეს",- თქვა მუხთარლიმ.
მისი თქმით, მის გარდა თბილისის ცენტრიდან "გაიტაცეს და ახლა რუსეთის ციხეშია კიდევ ორი რუსი ოპოზიციონერი. შემდეგ იყო ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - სადიგოვი".
"ეს შემთხვევით არ ხდება - ივანიშვილის ბრძანებების გარეშე ეს არ მოხდება"- ამბობს ჟურნალისტი.
მან გაუხსენა, რომ სამი გამტაცებლიდან ერთ-ერთი ამოიცნო და "მივედი პროკურატურაში წელიწადნახევრის წინ, დავასახელე მისი ვინაობა, გამოძიებამ კი არაფერი გააკეთა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად".
ის ამბობს, რომ პროკურატურა მასთან კომუნიკაციას არ ამყარებს საქმის ირგვლივ:
"ეს ადასტურებს, რომ ამ სისტემას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, რადგან გატაცების თანამონაწილეები თავად არიან".
"უფლებები საქართველოსთვის" იურისტმა არჩილ ჩიფიკაშვილმა, რომელიც იცავდა მუხთარლის ინტერესებს, თქვა, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა სასამართლო პროცედურული საკითხებით შემოფარგლულიყო და არ წასულიყო თავად გატაცების ეპიზოდის თაობაზე მსჯელობის მიმართულებით - ეს ეპიზოდი ამ დრომდე დაუსგენელი რჩება.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ არაეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).
სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე; აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
ევროსასამართლომ საქართველოს მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას - 8 500 ევროს არამატერიალური ზიანის, იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად (სულ 21 000 ევრო).
აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
როგორ აღმოჩნდა მუხთარლი თბილისიდან აზერბაიჯანულ ციხეში, ქართულ გამოძიებას არ დაუდგენია, თავად მუხთარლი კი ამტკიცებს, რომ ის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე.


