
თურქულმა ბანკებმა რუსეთთან მომუშავე კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყეს
05/09/2024 10:01:00 მსოფლიო
თურქულმა ბანკებმა დაიწყეს რუსეთში საქონლის მომწოდებელი კომპანიების აქტიური იდენტიფიცირება და მათი ანგარიშების დახურვა, განაცხადა თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა.
„ამჟამად, ორ ქვეყანას შორის პრობლემები შენარჩუნებულია. თურქულ ბანკებში გახშირდა რუსეთში საქონლის ტრანზიტში ჩართული კომპანიების „გამოდევნის“ შემთხვევები. ასეთი მომხმარებლების იდენტიფიცირება აქტიურად ხორციელდება და მათი გადარიცხვები იბლოკება, ან მათი ანგარიშები მთლიანად იხურება“, - განაცხადა ერხოვმა (ციტირებულია TASS-ის მიერ).
მისი თქმით, საელჩო და სავაჭრო მისია ცდილობენ, დაეხმარონ რუსულ კომპანიებს, რომლებსაც ანგარიშების დახურვა ემუქრებათ და ამას აკეთებენ „ინდივიდუალურ საფუძველზე“.
მანამდე, TASS-ის წყაროებმა თურქეთის საბანკო ინდუსტრიიდან განაცხადეს, რომ ყველა ტრანზაქცია და გადარიცხვა რუსეთიდან არის ფინანსური ინსტიტუტების მაქსიმალური კონტროლის ქვეშ, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული გადახდების უნივერსალური აკრძალვა არ არსებობს.
თურქულმა ბანკებმა რუსეთიდან გადახდების შეჩერება გასული წლის ბოლოდან დაიწყეს. ეს მოხდა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც საშუალებას აძლევდა აშშ-ს ხაზინას, დაეწესებინა მეორადი სანქციები უცხოური ბანკების წინააღმდეგ რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერისა და სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის გამო.
მიმდინარე წლის დასაწყისში თურქულმა ბანკებმა დაიწყეს რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა, ასევე რუსეთთან ლირის ტრანზაქციების შეზღუდვა. თურქეთთან მოლაპარაკებების მცდელობის შემდეგ რამდენიმე ბანკმა დაიწყო ფულადი გზავნილების დამუშავება რუსეთში საქონლის ექსპორტისთვის ოთხი სახის პროდუქციაზე: საკვები, ტექსტილი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თუმცა, პრობლემები დარჩა საავტომობილო და საინჟინრო სფეროებთან, რომლებიც საკვანძოა რუსული მხარისთვის.
შედეგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთის ექსპორტი რუსეთში 33,7%-ით შემცირდა და პრაქტიკულად ომამდელ დონეს დაუბრუნდა - თვეში 500-600 მილიონი დოლარი.
გადახდებთან დაკავშირებული პრობლემებისა და სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თურქეთში ვიზიტი გქუმდა, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო და ომის დაწყების შემდეგ, შესაძლოა მისი პირველი ვიზიტი ყოფილიყო ნატოს ქვეყანაში. მაისის დასაწყისში პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვიზიტი "დღეს წესრიგში რჩება", მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის შეთანხმებული.