"ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში" - ადვოკატი ეძგვერაძის მონახულების შემდეგ

05-09-2024 11:19:55 პოლიტიკა ,სამართალი

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი და გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ეძგვერაძე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

ადვოკატი ამბობს, რომ ეძგვერაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

"მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, მას ეტყოდა ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ადვოკატს არ მოგვცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. კადრებში გავრცელებულია თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის მასზე ვინ იძალადა. ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე აქვე ვაფიქსირებ, რომ დღემდე კოკა კაციტაძის უწყებას ერთი მოძალადე პოლიციელიც არ დაუსჯია", - თქვა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს დააკავეს. ნადირაძე 5 სექტემბერს, გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები