
ზელენსკიმ კურსკში შეჭრის მიზნებზე ისაუბრა
04/09/2024 13:44:56 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის მიზანია, ტერიტორიები და მებრძოლები იგდონ ხელთ გასაცვლელად და რომ უკრაინას არ სჭირდება რუსეთის ტერიტორიები.
„ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია,“ უთხრა ზელენსკიმ NBC-ს. „ჩვენი ოპერაციის მიზანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ჯარისკაცებს ვატყვევებთ, რათა უკრაინელებში გავცვალოთ ისინი“, თქვა ზელენსკიმ. „ჩვენ მათ ვეუბნებით, გვინდა, რომ ჩვენი სამხედრო ჯარისკაცები რუსებში გავცვალოთ. იგივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ, ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებმაც 6 აგვისტოს მოულოდნელი და სწრაფი შეტევა წამოიწყეს კურსკის რეგიონში, ამჟამად აკონტროლებენ რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 1300 კვადრატულ კილომეტრს და 100 დასახლებას. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქვაბი ჩაკეტეს, რომელშიც დაახლოებით 3 ათასი რუსი ჯარისკაცი აღმოჩნდა.
სამხედრო ანალიტიკოსის იან მატვეევის თქმით, კურსკის რეგიონის სრული თავდაცვისთვის და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე სჭირდება. თუმცა კრემლი კონცენტრირებულია დონბასში შეტევაზე. წვევამდელები გაიგზავნება კურსკის რეგიონში, განუცხადეს ადრე Bloomberg-ს კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა. "მედუზას" რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული თანამოსაუბრეები ეუბნებიან, რომ კურსკის მახლობლად ბრძოლები გაგრძელდება "რამდენიმე თვის განმავლობაში" და ეს "ოპტიმისტური შეფასებაა".
უკრაინის არმიის შეჭრამ კურსკის რეგიონში მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის მოქალაქეების შეშფოთება ახალი მობილიზაციის თაობაზე. "ლევადა ცენტრის" მონაცემებით, აგვისტოში რუსების 46%-ს ეშინოდა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, კვლავ გამოაცხადოს მასობრივი გაწვევა ომისთვის.