გოცირიძე - კობახიძის განცხადებაზე: პირდაპირი მუქარა!
04/09/2024 08:24:23 პოლიტიკა
დეპუტატმა „ევროოპტიმისტებიდან“ რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება მუქარად აღიქვა. საუბარია კობახიძის მიერ დღეს, 4 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გარდა, "თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები".
"ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაბრალდება "გლობალური ომის პარტიას“,- თქვა გოცირიძემ.
ამასთან, მან ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება უწოდა ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში გაკეთებულ განცხადებას:
„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება - თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, „გლობალური ომის პარტიას" უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით... კი არ ამბობენ, რომ "რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელიო", არა, რუსეთი აქ არაფერ შუაშია - „გლობალური ომის პარტია", ანუ დასავლეთი "ებრძვის" ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით“... ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა, არის აბსურდულიც არის და კომიკური".


