პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან "რადიკალური ოპოზიციის" ლიდერები
04/09/2024 07:48:43 პოლიტიკა
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის 7 კვირა დარჩენილი. დღემდე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ გამოვლენილა არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი. გამოვთქვამთ იმედს, რომ საარჩევნო პროცესები მომდევნო 7 კვირის განმავლობაშიც ანალოგიურ გარემოში წარიმართება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამისათვის რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელისუფლებო პარტიას აქვს უარყოფითი მოლოდინი "რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით" რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.
კერძოდ, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ია; ენმ ყველა წინა არჩევნებზე "ცდილობდა "საარჩევნო გარემოს არევას" და რომ "26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს".
"როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე, რისკები, ბუნებრივია, ერთი-ათად არის მომატებული",- თქვა კობახიძემ.
აქვე გაიხსენა სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ თავდასხმები და გაიმეორა, რომ "ღია მუქარა", "რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს". ასევე გაიხსენა, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე".
"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება",- თქვა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე თქვა, რომ ფლობენ ინფორმაციას, რომ "რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს":
"იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება".
დასასრულს მან თქვა, რომ "არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება":
"რადიკალებს და მათ მფარველებს მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. სახელმწიფოს აქვს საკმარისზე მეტი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა ვერავინ შემოიტანოს. შესაბამისად, ვერცერთი პროვოკაცია წარმატებას ვერ მიაღწევს და ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებას მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდება.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, იყოს ფხიზლად და რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს. მშვიდი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პირობაა. აქედან გამომდინარე, რადიკალებს არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ პროვოკაციებს რაიმე წარმატება შეიძლება მოჰყვეს".


