
ვენესუელის პრეზიდენტმა შობის თარიღი კვლავ გადაიტანა, ამჯერად - 1 ოქტომბრისთვის
04/09/2024 07:02:12 მსოფლიო
ვენესუელას ავტორიტარმა ლიდერმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ შობა წელს ქვეყანაში ჩვეულებრივზე ადრე დადგება - ზეიმი 1 ოქტომბრისთვის გადაიტანა
„სექტემბერია და უკვე შობის სუნი ტრიალებს. მებრძოლი ხალხის მადლიერების ნიშნად, მე განკარგულებით გადავიტან შობას 1 ოქტომბერს“, - თქვა მადურომ სამშაბათს სატელევიზიო მიმართვისას.
ამასთან დაკავშირებით, სააგენტო dpa აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მადურო მიმართავს ასეთ უჩვეულო ნაბიჯს, რათა გადაიტანოს ვენესუელელთა ყურადღება აქტუალური პრობლემებისგან. 2020 წლის კოროვირუსული პანდემიის დროს მან შობა 15 ოქტომბერს აღნიშნა, ერთი წლის შემდეგ კი - 4 ოქტომბერს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალისტური მთავრობა მადუროს მეთაურობით ტრადიციულად ურიგებს საკვების პაკეტებს ღარიბი უბნების მცხოვრებლებს.
მიმდინარე წლის 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც თან ახლდა ხელისუფლების მიერ შედეგების გაყალბების ბრალდებები, ხელისუფლების ერთგულმა საარჩევნო კომისიამ ნიკოლას მადურო კენჭისყრაში გამარჯვებულად გამოაცხადა. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. ამას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
შეერთებულმა შტატებმა და ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ აღიარა ოპოზიციის კანდიდატის ედმუნდო გონსალესის გამარჯვება ვენესუელაში გამართულ არჩევნებში, რომელზეც სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა. ევროკავშირმა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ მათ ეჭვი ეპარებათ ოფიციალური შედეგების რეალურობაში. ვენესუელასა და მის ფარგლებს გარეთ, მადუროს ოპონენტები ბოლო კვირების განმავლობაში იკრიბებოდნენ წინასაარჩევნო მანიპულაციის წინააღმდეგ.