
თავდაცვის სამინისტრო: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა
03/09/2024 14:23:00 საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზურაბ ფისენკო, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კაპრალი ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
8 აგვისტოს „მთავარი არხი“ იტყობინებოდა, რომ სენაკის სამხედრო ბაზაზე ტანკის აალების შედეგად 45 წლის სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა 4 დღის წინ, წვრთნებისას მოხდა.
სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, კაპრალი ზურაბ ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა და სხეულის დამწვრობა მიიღო.
სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეს ადგილზევე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც მოხდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტების სპეციალიზებულ კლინიკაში.
„კაპრალ ფისენკოს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებდნენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყებაში ასევე თქვეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო. თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, რის შედეგად მიიღო დამწვრობა სამხედრო მოსამსახურემ.