Accentnews.ge
ცუცქირიძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო კოალიციის წევრების მიმართ შერჩევით სამართალს იყენებს

ცუცქირიძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო კოალიციის წევრების მიმართ შერჩევით სამართალს იყენებს

03/09/2024 08:58:34 პოლიტიკა, საზოგადოება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ნებაყოფლობით "აგენტად" დარეგისტრირების ვადა ამოიწურა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უარი თქვა "ამ დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე".

ეს, მისი შეფასებით, აჩვენებს იმ სოლიდარობას, რომელიც არსებობს საქართველოს სამოქალაქო და დემოკრატიულ, პოლიტიკურ საზოგადოებაში.

"ასევე აჩვენებს იმას, რომ ის ერთიანობის, ერთობლივი ბრძოლის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა ამ გაზაფხულს - ეს არსად წასულა, ის ისევ აქ არის და თავის თავს აუცილებლად გამოავლენს ამ შემოდგომას, განსაკუთრებით 26-ში, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდება ამ რუსული კანონის, სხვა რუსული და ასევე დისკრიმინაციული კანონების სწრაფი გაუქმება, საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიის მშენებლობის და ევროპაში ინტეგრაციის გზას, რომელიც არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.

ამასთან, მან, ანტიკორუფციულ ბიუროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიურო კოალიციის წევრების მიმართ შერჩევით სამართალს იყენებს.

„როგორც ვხედავთ, მათ განსაკუთრებულ სამიზნედ აარჩიეს ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და ამ საქმეში შემოვიდნენ სუფთა წარსულით, სუფთა ხელებით, თავისი პროფესიონალიზმით და პატიოსნებით. ეს არის შერჩევითი სამართლის წმინდა მაგალითი. ზოგადად, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებს თუ შევხედავთ, ის ადამიანები, ვის მიმართაც მიიღეს ზომები მათთვის ეს არის ერთადერთი და პირველი გადაწყვეტილება და ყველა ეხება „ძლიერი საქართველოს“ და „თავისუფლების მოედნის“ წევრებს. შერჩევითია იმიტომ, რომ ამ რეესტრში ვერ ნახავთ მსგავს მოთხოვნებს სხვა ადამიანების მიმართ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ",- თქვა ცუცქირიძემ და საილუსტრაციოდ მოკლე ციტატა წაიკითხა ერთ-ერთი თანაგუნდელის მიმართ გაგზავნილი წერილიდან, თუ რის საფუძველზე მიიღო ზომები ანტიკორუფციულმა ბიურომ:

„მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, დავდო ჩემი წილი აგური დემოკრატიის მშენებლობაში და დავიწყო და გავხდე იმ მოძრაობის წევრი, რომელიც ასე საჭიროა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. მე მჯერა, რომ ერთიანი რწმენით, ერთმანეთის სულისკვეთების გაზიარებით შევძლებთ ეს ქვეყანა ვაქციოთ უკეთეს სახელმწიფოდ საუკეთესო ხალხისთვის მსოფლიოში“. აი ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მოქმედება, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ (რომლებიც ბევრად უფრო მწვავე, ბევრად უფრო პარტიული ნიშნით გამორჩეული, ხშირად შეურაცხმყოფელი დისკრიმინაციული და სხვა ლექსიკით მეტყველებენ) როგორც ჩანს, ინტერესი არ არსებობს".

ის გამოვიდა შეხსენებით, რომ სააგენტო არ არის შექმნილი, იყოს ანგარიშვალდებული პარტიის ლიდერების მიმართ და გაატაროს პარტიული პოლიტიკა:

"ესეც წარმოადგენს ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს - ანტიკორუფციული ბიურო უნდა ექვემდებარებოდეს არა პრემიერს, არამედ უნდა ექვემდებარებოდეს და ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს პარლამენტთან და ამის საშუალებით ქართველ ხალხთან. ესეც აუცილებლად შეიცვლება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S