Accentnews.ge
ტყეშელაშვილი - "აგენტების კანონზე": რეგისტრაციისთვის მოგვმართა 469 ორგანიზაციამ, რიგია

ტყეშელაშვილი - "აგენტების კანონზე": რეგისტრაციისთვის მოგვმართა 469 ორგანიზაციამ, რიგია

02/09/2024 15:56:35 პოლიტიკა, საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ 2 სექტემბერს, 18:00 საათამდე 469 ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სახლს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირების მიზნით.

„ამ წუთის [18:09] მდგომარეობით, ჩვენთან მომართული აქვს შესაბამისი განცხადებით 469 ა(ა)იპ-ს, ამასთან ამ წუთსაც კი იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიგი. ჩვენ დღის ბოლოს საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისთვის", - თქვა თამარ ტყეშელაშვილმა და დასძინა, "რაც შეეხება კითხვას, რა საქმიანობის საგანი აქვთ ამ ორგანიზაციებს, საიდან ფინანსდებიან ისინი, ჩვენ კანონმდებლობით არ გვაქვს უფლება, გავასაჯაროოთ ინფორმაცია, ვიდრე ისინი არ იქნებიან რეგისტრირებულები ამ რეესტრში. ერთია მომართვა და მეორეა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა, რომ გადავამოწმოთ, ხომ ნამდვილად სწორია ის ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს შესაბამის განაცხადში ან დეკლარაციაში"

"ხვალ, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იქნება არა ნებაყოფლობით მომართვა, უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ“,- თქვა ტყეშელაშვილმა.

30 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ იმ დროისთვის რეესტრში დარეგისტრირების მიზნით განცხადება 233-მა ორგანიზაციას ჰქონდა წარდგენილი.

ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე ა(ა)იპ არის დარეგისტრირებული, ხოლო მათგან 1200-მდე სახელმწიფოს დაფუძნებულია - მათ რეგისტრაცია არ ევალებათ.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად დაარეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S