
„ამნისტიის შესახებ“ კანონი ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულებზეც გავრცელდება
02/09/2024 14:00:28 საზოგადოება
„ამნისტიის შესახებ“ კანონი ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდება, თუმცა ახალი ჩანაწერი გამონაკლის შემთხვევებს განსაზღვრავს.
კერძოდ, თუ პირს ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს დაკისრებული ან მის მიმართ დამცავი ან შემაკავებელი ორდერია გამოცემული, მას ამნისტია არ შეეხება. ეს საგამონაკლისო წესი არ ეხებათ ცივი იარაღის ტარებაზე მსჯავრდებულ იმ პირებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკისრეს.
იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
„დღეის მდგომარეობით, ამნისტიის გამოცემის საკითხზე მსჯელობის აქტუალობას ძირითადად განაპირობებს ის გარემოება, რომ 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პატიმართა რიცხოვნობა შეადგენდა 9 542 პირს. 2023 წელს პატიმართა რიცხოვნობა კვლავ მატებას განაგრძობდა და 9 868 პირი შეადგინა. ამჟამად, პატიმართა რიცხოვნობა 10 400 პირს შეადგენს“, - წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს. ის ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას ან შემცირებას.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;ნარკორეალიზატორებს;სქესობრივ დანაშაულებს;ყაჩაღობას;ტერორიზმს;კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს;ქურდულ სამყაროს;კონვენციურ დანაშაულებს;ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.