
„აგენტების კანონის“ გამო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ მუშაობას წყვეტს
30/08/2024 08:06:43 საზოგადოება
ფონდი „სიკეთის რევოლუცია“, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტით ეხმარებოდა, „აგენტების კანონის“ გამო ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ფონდი სიკეთის რევოლუცია წყვეტს ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რომ „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ გულისხმობს ან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციას, ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას, თუ მისი დაფინანსების წყაროს 20 % უცხოეთიდან არის შემოსული. წინააღნდეგ შემთხვევაში ექვემდებარება ჯარიმას.
ფონდი ძირითადად ჩემი უახლოესი მეგობრების შემოწირულობით არსებობდა. ამათგან 3 მეგობარი ევროპიდან პერიოდულად მირიცხავდა თანხას ფონდის ანგარიშზე. ფონდის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 1200-2000 ლარს, რაც თვეში 3დან 5 ოჯახამდე დაფინანსების საშუალებას იძლეოდა.
აქვე დავამატებ იმასაც, რომ ფონდი 3 წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს დაეხმარა მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ენთუზიაზმზე და არანაირი ფინანსური სარგებელი, გარდა შინაგანი დადებითი ემოციური განცდისა, არავის მიუღია. მოკლედ ფონდი მთლიანად მოხალისეობაზე არსებობდა.
ჰო კიდევ, ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო ასეთი კომენტარები: ‘’რატომ დახურე?’’ ‘’შენ რა შუაში იყავი?’’... სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი 3 იურისტს, იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს და არაერთ კომპეტენტურ ადამიანს ვკითხე რჩევა.
ძალიან მწყდება გული... ის, რაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად გავაკეთეთ, რაც ძალიან გვიყვარდა და გვაბედნიერებდა, ახლა უნდა დავასრულოთ.
ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ
უკვე ფონდის არცერთი ანგარიში არ მუშაობს.
P.s ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე არადა ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით".
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.
კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ, 29 აგვისტოს დაწიყო. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას, საკითხის განხილვის დასრულებამდე.