
„გორმედში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებენ
28/08/2024 10:45:20 საზოგადოება
„გორმედში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებენ.
"ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდაო", – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მაგდა ბალიაშვილის მეუღლე ამირან გოგინაშვილი აცხადებს, რომ სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს:
"კლინიკამ გვითხრა თავიდან თრომბი არისო, მერე არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხო არ ჰქონდაო. მე ვუთხარი კუჭი არ ტკიებიათქო. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, რომ აპარატიდან უნდა გამორთონ აზრი აღარ აქვსო. მე ყველანაირად ვეცდები, რომ ექსპერტიზის პასუხი მოვიდეს ზუსტი, დადგინდეს ზუსტი მიზეზი. ის უკვე გარდაცვლილია, მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს ამ ცხოვრებაში და თუ საჭირო იქნება, ხელმეორედ ამოვიღებ და გავუკეთებ ექსპერტიზას".
მომხდარზე განცხადებას ავრცელებს ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრეს–სამსახური, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
"გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ.
პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით.
მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც.
საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი; ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში.)
ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა.
ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას", - ნათქვამია ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდაცვლილს ახალშობილის გარდა, 4 წლის შვილი დარჩა.