რუსეთი საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზე ზემოქმედების მცდელობებს ოფიციალურად ადასტურებს
27/08/2024 11:32:46 პოლიტიკა
მოსკოვი ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველოში მმართველი ძალის შეცვლა არ სურს და ზემოქმედებას ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
შესაბამისი განცხადება დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა გააკეთა მისივე უწყების მიერ წინა დღეს გამოქვეყნებული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული "მოხსენების" კომენტირებისას, თითქოს "აშშ საქართველოში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გამოყენებით მორიგ ფერად რევოლუციას ამზადებს".
"დიახ, რუსეთი ისურვებდა, საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობები აღეკვეთა. ის ფაქტი, რომ ჩემმა უწყებამ განასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და ვიღებთ დასავლური არა მარტო სპეცსამსახურების, არამედ სახელმწიფო უწყებების (როგორიცაა აშშ-ის დეპარტამენტი) მტრული საქმიანობის თაობაზე, წარმოადგენს ჩვენს მცდელობას, საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობების აღკვეთაში" - განაცხადა ნარიშკინმა.
ცნობისთვის: რუსეთის საგარეო დაზვერვამ ორიოდ დღის წინ გამოაქვეყნა სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული "მოხსენება", რომლის თანახმად, აშშ, რომელსაც "საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან არ მოსწონს", "თბილისურ მაიდანს" ამზადებს, რათა არ დაუშვას 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ამჟამინდელი მმართველი ძალის - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა. ნარიშკინის უწყების მტკიცებით, "ოცნებას" ამ არჩევნებზე "საგრძნობი წარმატების მიღწევა ძალუძს", რაც არ აწყობს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელიც "გეგმავს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს, მის მიერ მართულ ოპოზიციას საკუთარი ელექტორატი ქუჩაში გააყვანინოს, არჩევნების შედეგების "გაყალბების" მტკიცებულებები წარმოადგენინოს, აიძულოს ძალოვანი უწყებები, ხისტი ზომები გაატარონ პროტესტის აღსაკვეთად და შემდეგ ამის საფუძველზე "მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკი, გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე" საპასუხო ზომების სახით "ოცნების" წინააღმდეგ წინასწარ შემზადებული ზომების გატარება დაიწყოს".
თავის მხრივ, "ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ რუსული უწყების ამ "მოხსენების" კომენტირებისას ფაქტობრივად, იგივე ანტიდასავლური პოზიციები დააფიქსირა და ახლა რუსული პროპაგანდისტული მედია საქართველოსთან მიმართებაში ამ ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებს უკვე კალაძის სიტყვებზე დაყრდნობით ტირაჟირებს.
„ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. ის დაფინანსებები, რაც ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგისთვის მოდიოდა, საზოგადოებამ იხილა თუ რა პროექტები ფინანსდებოდა ამით. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?! არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგესო ამბობდნენ და რევოლუციას აწყობდნენ", – ასე უპასუხა თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რუსეთის საგარეო დაზვერვის "მოხსენების" თაობაზე.
ქართულ ოპოზიციას კი "ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების "ერთ ხმაში საუბარი" კრემლის მიერ საქართველოს მმართველი ძალის მხარდაჭერის მორიგ ცალსახა მტკიცებულად მიაჩნია და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი საქართველოში სწორედ კრემლის პოლიტიკის გამტარებელია.


