ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი: საარჩევნო სუბიექტებმა 31 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ ბოლო 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია
27/08/2024 08:09:20 პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაავალა. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
"იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში.
ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
მან განმარტა, რა ზომებს მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო, თუ საარჩევნო სუბიექტები ბოლო 8 თვის ფინანსურ ანგარიშებს 31 აგვისტომდე არ წარადგენენ.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საარჩევნო პროცესში რეპრესირებული მექანიზმები არ იქნას გამოყენებული. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ კომუნიკაციით აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ამ პროცესებს უკავშირდება. თუ კანონდარღვევა კვლავ გაგრძელდება , რა თქმა უნდა, კანონს განსაზღვრული აქვს შესაბამის სანქციები, მათ შორის ჯარიმები, გაორმაგებული ოდენობით, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე, სანქციების გარდა, რა შესაძლო ზომებს გულისხმობს, მან შემდეგი აღნიშნა:
"მოსყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება კანონით. იმედია, ამ ზომამდე არ მივალთ".


