Accentnews.ge
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი NDI-ს და IRI-ს მიმართავს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი NDI-ს და IRI-ს მიმართავს

27/08/2024 07:55:34 პოლიტიკა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს) მიმართავს.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ საქმესთან დაკავშირებით. „დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე“ მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში“ მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში – უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია.

იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში.

ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მანამდე, მან მოძრაობა "თავისუფლების მოედანს" ანტიკორუფციული ბიუროსთვის ფინანსების გასაჯაროება დაავალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S