
„ევოლუშენის“ თანამშრომლებმა შიმშილობის შეწყვეტის პირობა დაასახელეს
26/08/2024 11:14:14 საზოგადოება
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც თითქმის ორი კვირაა, შიმშილობენ, მზად არიან, შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, თუ კომპანია იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ გაფიცულან, აუნაზღაურებს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეების ხელფასს.
გაფიცულების პირობას კომპანიამ ასე უპასუხა:
„ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და კანონისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად... გვინდა გავიმეოროთ, რომ კომპანიის მიმდინარე შემცირება არის პროფკავშირის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. მიმდინარეობს შეფასების პროცესიც, რომლის საფუძველზე გადავწყვეტთ, რა დამატებითი ცვლილებები იქნება საჭირო“.
„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება, კომპანიის ცნობით კი - 700-მდე. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცვამდე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესიც, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.