
ბიძინა ივანიშვილი: „მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსს, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ“
25/08/2024 15:56:10 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამბროლაურში გამართული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ივანიშვილმა ისევ ჩამოთვალა 21 აგვისტოს მცხეთაში დასახელებული ოთხი მიზეზი, თუ რისთვის სჭირდება მმართველ ძალას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება:
- „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება;
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის მიღება;
- საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ქვეყნის მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის შესაცვლელად;
- მეოთხე მიზეზის შესახებ საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა კვლავ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ ისევ მიმდინარეობს და, რომ მის შესახებ საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.
„ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. თქვენთან ერთად, ფხიზლად უნდა გადავაგოროთ რამდენიმე თვეც და ომის დასრულებისთანავე, ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესები საპირისპირო დამოკიდებულებით შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არანაკლებად სჭირდებათ მეგობრად ჩვენს პარტნიორებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ორმხრივი ინტერესების დროს საქართველოს ძლიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა ყველასთვის პრიორიტეტული და საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია. იმდენად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ არავის გაუჩნდეს ცდუნება, ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.