
შუქრუთელები, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, ჭორვილაში არ შეუშვეს
24/08/2024 16:32:26 საზოგადოება
შუქრუთელები, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, ჭორვილაში არ შეუშვეს.
აქციის მონაწილეებს სოფლის შესასვლელთან პოლიციის კორდონი და კაცები დახვდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ადგილობრივები არიან და ჭორვილაში აქციის გამართვის საშუალებას ვერ მისცემდნენ.
„არ გვინდა, რომ დაირღვეს ის სიმყუდროვე, რაც სოფელშია, იმ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] იმხელა სიკეთე აკეთა, მის სალანძღავად აქ მოსვლას არ დავუშვებთ“, – უთხრა ჟურნალისტებს კაცმა, რომელიც პოლიციის კორდონის წინ იდგა და აქციის მონაწილეების სოფელში გადაადგილებას ეწინააღმდეგებოდა.
შუქრუთელებმა პროტესტის გაგრძელება ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ მათ კოროხნალის მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა, თუმცა დღეს მათ ჭორვილაში აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 165-ე დღეა კოროხნალის მაღაროსთან კარავში ათენებს და აღამებს. მათ პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ კომპანიას.
2021 წელს შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა – დაინგრა სახლები, დაზიანდა და ზოგიერთ ადგილას ჩაიქცა ეზოები და ნაკვეთები. პროტესტის მონაწილეებმა მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, რამდენიმემ პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. სამი წლის წინ შუქრუთსა და თბილისში გამართული ხანგრძლივი აქციების შემდეგ კომპანიამ პირობა დადო და ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ ზიანს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინებდა, მაგრამ დემონსტრანტების თქმით, დასკვნა მათთვის ხელმისაწვდომი დღემდე არაა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ შესაბამისი ანაზღაურება.