
მებაჟეებმა 135 296 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს
23/08/2024 10:13:34 საზოგადოება
19-21 აგვისტოს პერიოდში მებაჟეებმა 135 296 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.