
სანქციების გამო 20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება
22/08/2024 19:26:10 მსოფლიო
ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს ანტონ ალიხანოვს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს.
წერილში აღნიშნულია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში კრიტიკულად საჭირო ნედლეულის ვერშეძენის გამო.
როგორც “ერბეკა” წერს, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მე–14 პაკეტის შედეგად რუსეთში მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ცოტა ხნის წინ ჩინეთიდანაც შეწყდა.
საუბარია, პირველ რიგში, პოლიმეთილენფენილიზოციანატზე, რომელიც გამოიყენება მაცივრების, ავტო-ნაწილების, მილების, სამონტაჟო ქაფების, სალუქავებისა და ჩამოსასხმელი იატაკის წარმოებაში. წერილში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული იმპორტზე.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად არსებული მასალების მარაგი ორ თვეში ამოიწურება და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა გარიგების მიღწევა მომწოდებლებთან, კერძოდ საუდის არაბეთთან, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილს ისეთი კომპანიები აწერენ, როგორიცაა “ტექნონიკოლი”, “ბეკო”, “ვერატეკი”, “რუსტა” და “ვერახიმი”.