
Human Rights Watch: აქტივისტებზე თავდასხმების დაუსჯელობა პოლიტიკურ ძალადობას ახალისებს
20/08/2024 17:04:04 საზოგადოება
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
"საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უჩვენებია, რომ ეფექტურად იძიებს უკანასკნელ თვეებში სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმების ფაქტებს. ამ თავდასხმების დაუსჯელობა შემდგომ პოლიტიკურ ძალადობასა და არასტაბილურობას ახალისებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ", – ნათქვამია დოკუმენტში სახელწოდებით "ძალადობრივი თავდასხმები მთავრობის კრიტიკოსებზე".
ორგანიზაცია, ასევე აღნიშნავს, რომ აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით დაუდგენელი პირები ათზე მეტ აქტივისტს თავს დაესხნენ, რამაც ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ თავისა და სხეულის სხვა დაზიანებები გამოიწვია.
"მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, პოლიციამ ოფიციალურად გამოძიება დაიწყო, მათ არც ერთი პირი დაუდგენიათ და არც დაუკავებიათ. ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი არ იღებენ აუცილებელ საგამოძიებო ზომებს, რათა დადგეს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობა", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში მოხვდა სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის შემთხვევა, ასევე ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანის ცემის ფაქტი, ყოფილ დიპლომატზე, უნივერსიტეტის პროფესორ გია ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტი და მოძრაობა "სირცხვილიას" დამფუძნებელზე, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტი.