
"აგენტების კანონის" აღსასრულებლად შექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი იყო, საიდანაც 6 დღის წინ ამოეწერა
20/08/2024 13:12:54 საზოგადოება
საჯარო რეესტრში შექმნილი ახალი, ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვინაობა ცნობილია. ესაა დეპარტამენტი, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა „აგენტების კანონის“ აღსრულება დაავალა.
სამივე მათგანს საჯარო რეესტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:
- დეპარტამენტის უფროსი - სანდრო კირვალიძე (2015 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში, მანამდე კი იყო იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი);
- რეგისტრაციის სამსახურის უფროსი - თინათინ ღუღუნიშვილი (2018 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში, მანამდე იყო სტაჟიორი სააპელაციო სასამართლოში);
- მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ირაკლი კერვალიშვილი (2014 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში, სხვა სამსახურში არ უმუშავია).
სანდრო კირვალიძე, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელია, 2015 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე არასამთავრობო ორგანიზაციის, „ასოციაცია საქართველოს აზერბაიჯანთა კავშირი რეფორმების და განვითარების ხელშეწყობისათვის“ გამგეობის წევრი იყო. ექვსი დღის წინ მან საჯარო რეესტრს ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრობის შეჩერების თხოვნით მიმართა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა.