Accentnews.ge
"აგენტების კანონის" აღსრულებისთვის საჯარო რეესტრის ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის უფროსი დაინიშნა

"აგენტების კანონის" აღსრულებისთვის საჯარო რეესტრის ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის უფროსი დაინიშნა

20/08/2024 08:50:25 საზოგადოება

"აგენტების კანონის" აღსრულებისთვის საჯარო რეესტრის ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის უფროსი დაინიშნა. მას სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.

საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კირვალიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი იყო.

საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, "1992 წელს დაბადებული სანდრო კირვალიძე განათლებით იურისტია.

  • განათლება და კვალიფიკაცია:

07.2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისტი, სამართალმცოდნეობა მაგისტრი

07.2014 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისტი, სამართალმცოდნეობა ბაკალავრი

  • სამსახურეობრივი საქმიანობა:

08.2024 - დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი

09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი

01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი

01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი

08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე

2013-2014 წწ. - იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი

2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო - კვლევითი პრაქტიკა".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S