
საქსტატი: 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.9 მლრდ დოლარი შეადგინა
15/08/2024 08:51:34 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება.
საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლიდან.
„2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 63.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.