
საგანგებო – ზუგდიდის ხანძარზე: ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილა
13/08/2024 09:48:30 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა კიბის გახსნა ვერ შეძლეს.
სამსახური ამტკიცებს, რომ ხანძრის ქრობის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ყოფილ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება. აქვე, აღვნიშნავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.