პოლიტიკურ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო“ "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" შეუერთდა
12/08/2024 17:50:27 პოლიტიკა
"ლელოს", "ანა დოლიძე ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედნის" ოპოზიციურ გაერთიანებას - "ძლიერი საქართველო" კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია - "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" ოფიციალურად შეუერთდა.
როგორც ელისაშვილმა გუდიაშვილის სკვერში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, "ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების და ერთად დგომის დროა".
"ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე ძალიან გავახარეთ. გახსოვთ, მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს. ჩვენ ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს და ვუთხარით, რომ არც ბოდიშების დროა ახლა, ახლა შერიგების დროა და ერთად დგომის დროა. რატომ ვდგებით ახლა ერთად?- თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო", - განაცხადა ელისაშვილმა.
თავის მხრივ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღეს ვდგავართ გზაგასაყარზე:
"ჩვენ გვქონდა გამოწვევები, გვქონდა აღმავლობა, სერიოზული პრობლემებიც, მაგრამ დღეს ვდგავართ გზაგასაყარზე - სად იქნება ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო. იქნება თავისუფალ სამყაროსთან ერთად თუ იქნება რუსეთის ქვეშევრდომი, რომელსაც ქართველი ერი არასდროს დაუშვებს. ასეთი დიდგორობა გველოდება ჩვენ - მშვიდობიანი, 26 ოქტომბერს. ამ მშვიდობასა და ამ გამარჯვებას სჭირდება გვერდში დგომა, წარსულის დავიწყება და მომავალზე ორიენტირება. ამას სჭირდება კონკრეტული მიზანი და მიზანი ჩვენი არის ის, რომ შევცვალოთ ბოლო 9 თუ 12 წლის პოლიტიკა".


