ისრაელი თავის სამხედროებს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ
12/08/2024 09:39:32 პოლიტიკა
ისრაელის თავდაცვის სარდლობა თავის სამხედროებს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ. ანალოგიური ბრძანება გაიცა 11 აგვისტოს საღამოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ ებრაელ სამხედროებთან მიმართებაშიც.
გადაწყვეტილება მიღებულია ირანის მუქარის ფონზე, ებრაულ სამიზნეებს უცხოეთშიც შეუტიონ.
ბრძანება ეხება როგორც ჯარისკაცებს, ისე კონტრაქტორებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანში შესაძლოა, ოჯახების მოსანახულებლად ან დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
როგორც ებრაული მედია განმარტავს, "ორივე ქვეყანა ბოლო დროს მეგობრულ ურთიერთობაშია ირანთან და ორივეში საკმაოდ დიდი ირანული დიასპორებია".
ცნობისთვის: ირანის ხელისუფლება გეგმავდა, თეირანში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის - ისმაილ ჰანიას მკვლელობის საპასუხოდ ისრაელისთვის შეეტია. თუმცა მოგვიანებით ამერიკულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანმა ეს გეგმა შეცვალა. ამას წინ უძღოდა თეირანისადმი ვაშინგტონის გაფრთხილება, რომ ისრაელზე მასშტაბური შეტევა რეგიონში დაძაბულობას გაზრდიდა და ირანსა და ისრაელს შორის პირდაპირი კონფრონტაციის რისკს შექმნიდა.
ისმაილ ჰანია თეირანში 31 ივლისს მოკლეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მსგავსად, იგი ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული და ქართველ პრემიერს გვერდში ედგა. ცერემონია შეძახილების "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი აშშ-ს!" ფონზე გაიმართა.
ჰანიაზე საჰაერო იერიშში თეირანმა ისრაელი დაადანაშაულა. თუმცა ებრაულ მხარეს ამ შეტევაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.


