"ქართული ოცნების" მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეტევას გმობს
12/08/2024 08:35:45 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციას გმობს.
"რუსეთმა და უკრაინამ არ უნდა დაუშვან სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია და საბრძოლო მოქმედებების ახალ ტერიტორიებზე განვრცობა. უკრაინის საკითხში ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრულია და ნათელი: ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან ვითარების განმუხტვის ე.წ. სამი პრინციპი, კერძოდ - სარძოლო მოქმებების მათი მიმდინარეობის ზონის ფარგლებს გარეთ გავრცელების, კონფლიქტის ესკალაციისა და ცეცხლის გაძლიერების არდაშვება. ჩინეთი გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონტაქტებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით და კონსტრუქციული როლის შესრულებას კრიზისის პოლიტიკური გადაჭრის ხელშესაწყობად" - ციტირებს ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებას რუსული ТАСС-ი.
თავად "ოცნების" ხელისუფლებას კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ერთადერთი პოზიცია ამ კუთხით სოცქსელში პუბლიკაციით დააფიქსირა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ, თუმცა ამ შემთხვევაში მის მოსაზრებაში მწყობრი ლოგიკის განჭვრეტა ჭირს და ეს პუბლიკაცია უფრო ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო წინასაარჩევნო გზავნილს ჰგავს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კურსკის შეტევით ოპერაციაზე:
„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა კითხვაზეც გასცემს პასუხს… მათ შორის, მაგალითად, საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” მეორე ფრონტის თემა?!.. მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ უნდა გავანადგურებინოთ. განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს, გამთენიისას შევიდნენ და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სწრაფად დაიკავეს დაახლოებით 20 დასახლებული პუნქტი 100-ზე მეტ კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიასთან ერთად. რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კურსკისა და რამდენიმე მიმდებარე ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ამ დროისთვის 76 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, მათგან მხოლოდ 4400-ია უზრუნველყოფილი დროებითი თავშესაფრით.


