
ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაჯარიმდა
10/08/2024 11:42:57 საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 40 000 ლარით დააჯარიმა.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მისივე ცნობით, კომპანიამ არ შეასრულა „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით. ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სემეკის პროგრამულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც რეალური დროის რეჟიმში კონტროლდება კომპანიების მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ შესრულება. ელექტრონული ჟურნალის შევსებისას ინფორმაციის არასახვა, არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის შეყვანა წარმოადგენს წესების დარღვევას.
"სემეკმა შეისწავლა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების საკითხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ელექტრონულ ჟურნალში სრულად არ ასახავდა ელექტროენერგიის წყვეტების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ არ იყო ასახული 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე დაფიქსირებული ელექტროენერგიის წყვეტების დაახლოებით 28%, ხოლო 22% ასახული იყო წყვეტის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი უზუსტობით" - აცხადებენ სემეკში.
სემეკმა 9 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და არამიზნობრივად გამოყენების გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „ენერგეტიკიც“.
გარდა ამისა, 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „საჩხერის წყალკანალი“. როგორც სემეკში აცხადებენ, დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების რეგლამენტთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაციის სემეკში წარმოუდგენლობა.