
თავდაცვის მინისტრი ერთის მხრივ, ამბობს, რომ ომი "ათწლეულების" წინ დაიწყო, მეორეს მხრივ – ენმ–ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
08/08/2024 07:57:38 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ერთის მხრივ, ამბობს, რომ ომი "ათწლეულების" წინ დაიწყო და რომ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო პოზიცია უნდა არსებობდეს, მეორეს მხრივ – ენმ–ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის 12–წლისთავზე და 2008 წლის ომიდან 16 წლის შემდეგ საუბრობს ამ ომის გამოძიებაზე.
მუხათგვერდის სასაფლაოზე მისულ ირაკლი ჩიქოვანს ჰკითხეს, რის გამოძიებას აპირებს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებით. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი - ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს, პრაქტიკულად, უკვე ნათელია. დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის“,- უპასუხა ჩიქოვანმა.
მას დაეკითხნენ, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში:
„ომი დაიწყო ათწლეულების წინ. დღეს, რეალურად, ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, რომელთანაც ყველას უნდა ჰქონდეს ერთი პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი და საგანია როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისთვის“.