
მერია: ვაკეში, სამშენებლო სამუშაოების დროს ფერდი ჩამოიშალა, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
06/08/2024 12:26:33 საზოგადოება
ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე, კორპუსის კორექტირებული პროექტის განხორციელებისას ფერდი ჩამოიშალა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მისი ცნობით, მშენებელი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.
"გვსურს განმარტება გავაკეთოთ ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც. აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც.
მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა“, - აღნიშნავენ მერიაში.