
რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა
06/08/2024 06:00:35 მსოფლიო
რუსეთში, ბაშკირეთის მხარის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე ქარხანა „ავანგარდში“, რომლის მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხია“, მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
აფეთქების შესახებ ცნობები 5 აგვისტოს, ღამით გავრცელდა.
გამოცემა РБК „როსტეხისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ერთ-ერთ საამქროში, სადაც მილსადენის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სავარაუდოა, რომ მუშებმა მილის მოჭრისას უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.
მედიის ცნობით, ქარხანა „ავანგარდი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს ასრულებს. მათ შორის, აწარმოებს დეტალებს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის.
„ავანგარდი“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ სანქცირებულ საწარმოებს შორისაა.