პრეზიდენტი – აშშ–ის რეაგირებაზე: ორი რამ არ მესმის, დანარჩენი ყველაფერი სწორია
05/08/2024 18:38:08 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „მკაცრი და მკაფიო“ განცხადებები გასაკვირი არაა, თუმცა ქართული ჯარისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის [შესაძლო] დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება არ ესმის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
„არ მიკვირს ამერიკის რეაგირება, განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როდესაც 30 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე როგორ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად და ახსნის გარეშე გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს, შემოდის გაუგებარი, გაუგონარი კონსპირაციის თეორიები. რანაირად უნდა რეაგირებდეს ამერიკა? ცხადია, მათი მკაფიო და მკაცრი რეაგირება მოსალოდნელი იყო. არ ვიცი, ხელისუფლებას უკვირს თუ არა. ალბათ, არ უნდა უკვირდეს. იცოდა ალბათ [ხელისუფლებამ], თუნდაც ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვის შემდეგ, რომელიც აგვირგვინებს ყველა იმ ნაბიჯებს, რომელიც მანამდე იყო მიღებული. ეს უკვე არის შეკრული კონცეფცია. ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში, შენ ასე ექცევი და გგონია იმას რეაგირებაც არ ექნება? ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ამას ვეტყვი სენატორი შაჰინს, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოდის: ორი რამე არ მესმის და დანარჩენი ყველაფერი სწორია, უნდა მივიღოთ, გავიგოთ და გამოვასწოროთ სასწრაფოდ, რაც შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებას. მე არ მესმის ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და თუ ეს მართალია, არ მესმის ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, მთავრობა დაისაჯოს და უნდა დაისაჯოს, მაგრამ, არ შეიძლება ქართული ჯარი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და თავდაცვა დგას, დაისაჯოს, მით უმეტეს, რომ ის მთლიანად შექმნილია ამერიკის მიერ. ეს არ მესმის და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია - არჩევნებამდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, რაღაც ნიშნები შეიძლება მოგცენ, მაგრამ ჯარის ხელი ხლება არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება, ითქვას, ერთადერთი საყრდენი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


