
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი:„ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს რუსეთის დიდი ხნის ოცნება, არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიულმა სისტემებმა
05/08/2024 09:28:30 საზოგადოება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ანი ქავთარაძე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ლუგარის ლაბორატორიისთვის აშშ–ის მიერ დახმარების შესაძლო შეჩერების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
"„ვეხმიანებით გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სწორედ, ჩვენი ხელისუფლების მიერ ინიცირებული „რუსული კანონის“, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის, ანტიდასავლური რიტორიკის და ქმედებების დამსახურებაა, ხელისუფლების, რომელიც აგრძელებს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებზე თავდასხმას, შეურაცხყოფას, დემოკრატიული ღირებულებების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ფეხქვეშ გათელვას. "ქართულ ოცნებას" სისრულეში მოჰყავს რუსეთის დიდი ხნის ოცნება, რომ არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის სამეცნიერო ლაბორატორიულმა სისტემებმა, რომლებიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას ქართული ჯანდაცვის სისტემაში, მასში შემავალი უმნიშვნელოვანესი რგოლები კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის საყრდენსა და საფუძველს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის რეგიონისთვის როგორც ბიოსამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისთვის სტუდენტებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესზე, რომლის შედეგადაც ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად 10 მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამებისთვის, პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის დარტყმის ქვეშ დააყენოს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ანი ქავთარაძემ.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა. „ფორმულას“ ინფორმაციით, "აღნიშნული დაფინანსების ნაწილში ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც მოხვდა, რომელსაც აშშ-სგან ფინანსური დახმარება შეუჩერდა".