
"ყველაზე რთული გაცვლა აშშ-რუსეთის და საბჭოთა ისტორიაშიც კი" – კრემლმა შესაძლოა, 12 პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს
01/08/2024 13:54:17 მსოფლიო
დასავლეთთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში, რუსეთმა შესაძლოა მინიმუმ 12 პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს,– იუწყება ტელეარხი CBS. ამ პოლიტპატიმრებს შორის უნდა იყოს ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას შეერთებულ შტატებში გადაიყვანენ ოჯახთან ერთად.
გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები (მინიმუმ, შეერთებული შტატები, გერმანია და სლოვენია მონაწილეობენ გაცვლაში) დაიბრუნებენ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს, ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უელანს და რუს-ამერიკელ ჟურნალისტს ალსა კურმაშევას, – განუცხადა CBS-ს აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოსკოვში ჯონ სალივანმა განუცხადა ტელეკომპანიას, რომ ამერიკელები მათი დაკავების ადგილებიდან გადაიყვანეს ცენტრალურ ადგილზე, რომელსაც აკონტროლებდა ФСБ, ხოლო იქიდან თვითმფრინავით უნდა გადაიყვანონ ლოკაციაზე, საიდანაც მოხდება გაცვლა.
რუსეთში რვა ადამიანი დაბრუნდება, მათ შორის რუსულ დაზვერვასთან კავშირში მყოფები. მათ შორის, CBS-ის ცნობით, არის ФСБ–ს ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. გარდა ამისა, არტემი და ანა დულცევები უნდა გადასცენ რუსეთს. მათ სლოვენიაში პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი ჯაშუშობისთვის.
”ეს არის ყველაზე რთული გაცვლა ამერიკულ-რუსულ და საბჭოთა ისტორიაშიც კი,” - თქვა CBS–ს წამყვანმა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არ არის ჯაშუშების ტრადიციული გაცვლა, რომელიც არაერთხელ მომხდარა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებში მრავალი ამერიკული დეპარტამენტი მონაწილეობს, მათ შორის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და CIA. აშშ-ის ხელისუფლება პროცესზე ოფიციალურ კომენტარს არ გააკეთებს მის დასრულებამდე.
კომპლექსური და ფარული მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებში იმ ადამიანების გაცვლის შეთავაზების მიზნით, რომლებითაც მოსკოვი იქნებოდა დაინტერესებული, იუწყება CNN აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. CNN-ის ცნობით, გაცვლა უკვე მიმდინარეობს.