
ISFED: აპრილ–ივნისში „მეტას“ პლატფორმებზე რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა პროსახელისუფლებო მედიებმა დახარჯეს
01/08/2024 13:37:41 საზოგადოება
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ინფორმაციით, აპრილ–ივნისში „მეტას“ პლატფორმებზე რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა პროსახელისუფლებო მედიებმა დახარჯეს.
„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკაში მონიტორინგის პერიოდში 82 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 3 881 რეკლამა იძებნება, რომელთა ჯამური ღირებულება 71 904 -დან 78 141 აშშ დოლარამდეა (იმ გვერდების შემთხვევაში, რომელთა სარეკლამო დანახარჯი 100 აშშ დოლარს არ აღემატება, დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, რის გამოც მთლიანი დანახარჯი მოცემულია ინტერვალური სიდიდეებით). მათ შორის, 34 ქართული მედიასაშუალების იყო, რომელთა რეკლამებისთვის 71 718-დან 73 302-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, ფეისბუქისა და ინსტაგრამის ქართველი მომხმარებლებისთვის ხილვადი იყო ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 12 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 23 რეკლამაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 200 აშშ დოლარს არ აღემატებოდა.
საანგარიშო პერიოდში ქართული მედისაშუალებების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებს შორის ძირითადი დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე - „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და „ნიუსჰაბზე“ (ყოფილი Pia.ge) მოდის. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა სამმა მედიასაშუალებამ რეკლამებისთვის 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ და „იმედმა“ აპრილ-ივნისში „მეტას“ პლატფორმების რეკლამებზე 2-3-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. „ნიუსჰაბის“ ბოლო კვარტლის დანახარჯი კი წინას 6-ჯერ აღემატება.
„მეტას“ პლატფორმებზე მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ტენდენციის მსგავსია. ამ მხრივ, კვლავაც გამოირჩეოდა გვერდი „POSTV - ახალი ამბები“, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკორდულად მრავალრიცხოვანი, 1 298, რეკლამა გამოაქვეყნა. „პოს ტვ“-ის კიდევ ერთი ფეისბუქგვერდი - „POSTV - ანალიტიკა“, 751 რეკლამით, ყველაზე აქტიურად დამრეკლამებელ გვერდებს შორის რიგით მეორეა.
ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე - „POSTV - ახალი ამბები“ რეკლამების უდიდესი ნაწილი ე.წ. ქარდების სახით განთავსდა. მათზე დატანილი იყო საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, აგრეთვე, პროსახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით. დიდი ადგილი დაეთმო ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დისკრედიტაციას, მათ მიმართ ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებების გავრცელებას. ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც პროგნოზირებდა კონსერვატიული ან/და ულტრამემარჯვენე ძალების შესაძლო გამარჯვებას ან/და წარმატებულ შედეგებს ევროკავშირის ქვეყნებში. ამ გვერდების მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა იმგვარი საერთაშორისო რეიტინგებიც, რომლებიც საქართველოს წინსვლაზე აკეთებდა აქცენტს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.